სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 23 წლის ქალი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა, თუმცა ამ ეტაპზე არ გვიპასუხეს, სად იპოვეს და დააკავეს თუ არა მისი გამტაცებლები. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 23 წლის ქალი ამ დროისთვის თელავის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ახალგაზრდა ქალის ბიძამ 29 ივლისს დილით თქვა, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს. არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს. 23 წლის ქალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 28 ივლისს, საღამოს გაიტაცეს. როგორც გატაცებული ქალის მამამ რადიო თავისუფლებას უთხრა, მისი სტუდენტი შვილი სოფელში თბილისიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და იმავე სოფელში ბებიის სანახავად იყო წასული. „ბებიის სახლიდან რომ გამოვიდა, ამ დროს ქუჩაში დახვდა ოთხი კაცი. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს. ეს ყველაფერი ქუჩაში დამონტაჟებულ ვიდეო სათვალთვალო კამერებზე იყო აღბეჭდილი. გამტაცებლები ჩვენი თანასოფლელები არიან. რა მიზნით გაიტაცეს, არ ვიცით“, - თქვა მან. გატაცებულის მამა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ელოდებოდა შვილის ადგილსამყოფლის დადგენას. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ...