„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“, კომპანიაში, რომელსაც წლების წინ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრიფინგი გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს 1,5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა და მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. „მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად“, - თქვა მინისტრმა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 29 ივლისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მან და კონსორციუმის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ 2020 წელს შეიტანეს, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად. მას დეტალებზე არ უსაუბრია. „სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ხაზარაძემ. три საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას 29 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა, რა თქმა უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე - ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ წყვეტდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფდა და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებდა სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საა...