დონის როსტოვის სამხრეთის საოლქო-სამხედრო სასამართლომ ზაპოროჟიეს რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადების ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა უკრაინის მკვიდრ ირინა კულიშს. ტერაქტის ბრალდების გარდა, მას ბრალი ედებოდა ნარკოტიკების გასაღების მიზნის გარეშე შენახვაში. რუსეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში კულიში დათანხმდა უცნობი პირის წინადადებას, ჩაეშალა ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ფიქციური რეფერენდუმი, რომელიც გახდა რეგიონის დეკლარირებული ანექსიის ფორმალური საფუძველი. კულიშმა ამ მიზნით თითქოსდა "შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობა", რომლის ტრანსპორტირებაც კენჭისყრის დღეს ველოსიპედით სცადა საარჩევნო უბანზე, რა დროსაც იგი დააკავეს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სწორედ როსტოვის სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლო განიხილავს ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საქმეებს და გამოაქვს განაჩენები. პატიმრებმა არაერთხელ განაცხადეს წამების შესახებ. ივლისის დასაწყისში, აღნიშნულმა სამხედრო სასამართლომ ანექსირებულ ყირიმში, იალტასთან ახლოს, კორეიზში გაზსადენზე აფეთქების საქმეზე 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის მოქალაქე სერგეი ერშოვს. ივნისში დონის როსტოვის სამხრეთის საოლქო-სამხედრო სასამართლომ ოკუპირებული მელიტოპოლის მკვიდრი იაროსლავ ჟუკი დამნაშავედ ცნო აფეთქების ჩადენაში, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა. ჟუკს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან პირველ ოთხ წელს მსჯავრდადებული მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში იხდის, სადაც, ჟუკის თქმით, იგი აწამეს. ...