პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს გაუმარტივოს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის წესები. გერმანული გამოცემის, RND-ს ინფორმაციით, მოსკოვში ორბანის ვიზიტის შემდეგ, უნგრეთმა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები ჩართო „ნაციონალური ბარათების” პროგრამაში. ამ ბარათებს ორი წლის ვადით და გახანგრძლივების პერსპექტივით აძლევენ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უნგრეთში მუშაობა სურთ. 2024 წლის გაზაფხულზე უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ელოდება 65 000-მდე მუშახელს. ევროკავშირის დონეზე უნგრეთის „ნაციონალური ბარათების” მფლობელების შემოწმება არ ხდება, ამიტომ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია მეზობელი ქვეყნების შეშფოთება. ევროპარლამენტის გერმანელმა დეპუტატმა, რუსული წარმომავლობის იურისტმა სერგეი ლაგოდინსკიმ RND-ს განუცხადა, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჰიბრიდული შეტევებით ევროპის დასასუსტებლად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლოდ შეშვება არასწორია. ასევე ნახეთ „სამშვიდობო ტურნეს“ შემდეგ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენას ურჩევს ევროკავშირის და ნატოს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევსა და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ, ორბანი „სამშვიდობო მისიით“ პეკინში შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს და ფლორიდაში - შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ასევე ნახეთ მოსკოვში ორბანის ვიზიტის გამო ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს ორბანის მიერ მოსკოვსა და პეკინში გამართული მოლაპარაკებების გამო ევროკავშირმა ბოიკოტი გამოუცხადა მაღალი დონის შეხვედრებს, რომლებიც უნგრეთში, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაში, უნდა ჩატარებულიყო. უნგრეთი ექვსი თვის ვადით ევროკავშირს 1 ივლისიდან თავმჯდომარეობს. ...