ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი, ამის შესახებ იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა". 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კრიგერმა შეწყალების თხოვნა დაწერა. მინსკის რაიონულმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი მას ივნისის ბოლოს გამოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, რიკო კრიგერს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. კრიგერი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ საქმიანობაში, ჯაშუშობაში, ტერორიზმში, "ექსტრემისტული ფორმირების" შექმნაში, უკანონო მოქმედებებში ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მიმართებით, სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების წყობიდან განზრახ გამოყვანაში. საქმე უკავშირდება 2023 წლის ოქტომბერში მინსკთან ახლოს, ოზერიშჩეს რკინიგზის სადგურზე, მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბელარუსის ოფიციალური მედია ამტკიცებდა, რომ კრიგერი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. გასულ კვირას სახელმწიფო ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც კრიგერმა განაცხადა, რომ მოქმედებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით და რომ "მოატყუეს". მან აგრეთვე თქვა, რომ ნანობს იმაზე, რაც ჩაიდინა და შეწყალების იმედი გამოთქვა, - აღნიშნავს "ნასტოიაშჩეე ვრემია". რა ვითარებაში იყო გადაღებული ეს ვიდეო, უცნობია. ასევე ნახეთ ბელარუსში დახვრეტა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს ...