ისრაელი აცხადებს, რომ 30 ივლისს ბეირუთზე თავდასხმისას მოკლულია ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური. ამ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებელი კომპანია, რომელიც აღნიშნავს, რომ იერიში იყო პასუხი სამი დღის წინ მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 12 მოზარდი დაიღუპა. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა X-ის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულია ჰეზბოლას მეორე პირი ფუად შუკრი. ისრაელის არმიის თანახმად, მოკლული იყო მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ჰასან ნასრალას მარჯვენა ხელი. ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, მოკლული პასუხისმგებელი იყო ჰეზბოლას ყველაზე თანამედროვე იარაღზე, მათ შორის ზუსტი დამიზნების, ასევე ფრთოსანი, ხომალდსაწინააღმდეგო და შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონებისთვის. სააგენტო REUTERS-ს უსაფრთხოების და სამედიცინო სამსახურების წყარომ აცნობა, რომ დაღუპულია ასევე ორი ბავშვი - შესაბამისად, სულ სამი სამოქალაქო პირი. Reuters-ს თვითმხილველმა უთხრა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:40 საათზე ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა და კვამლის სვეტი ავიდა ცაში ბეირუთის გარეუბანში, სადაც გამაგრებულია ჰეზბოლა, რომელსაც ირანი უწევს მხარდაჭერას. ისრაელის კომპანია კანს ორმა დაუდგენელმა წყარომ აცნობა, რომ ისრაელის შეფასებით, „დარტყმის სამიზნე“ მოკლეს. ისრაელის არმია ადრე იტყობინებოდა, რომ დაარტყა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანს და რომ სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო. ისრაელის არმიის თანახმად, დარტყმა განხორციელდა "მეთაურზე, რომელიც პასუხისმგებელია მაჯდალ-შამსში ბავშვების მეკვლეობასა და დამატებით ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე”. ისრაელის არმიის მიერ ხსენებული დარტყმისას გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე, 13 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპა და 30 დაშავდა. ჰეზბოლამ უარყო მონაწილეობა ამ თავდასხმაში. ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) თავდასხმის და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. აშშ არ ფიქრობს, რომ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ომი გარდაუვალია, - ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ისრაელის სამხედროებმა ბეირუთზე მიზანმიმართული იერიში მიიტანეს. ჰეზბოლა და ისრაელი დარტყმებს თითქმის ყოველდღე ახორციელებენ. ამავდროულად, ჯგუფმა განაცხადა, რომ ჯერ არ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შიში, რომ ინციდენტები შეიძლება ასეთ ომში გადაიზარდოს. ასევე ნახეთ გოლანის მაღლობზე მდებარე ქალაქზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის მოზარდები ...