პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ამაოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ჰამასის პოლიტბიუროს წევრ მუსა აბუ მარზუკის განცხადებაზე დაყრდნობით. მან ჰანიეს მკვლელობას ლაჩრული აქტი უწოდა. BBC-ს ცნობით, ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება და რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს. პალესტინური სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა. სხვადასხვა პალესტინურმა ორგანიზაციამ ჰანიეს მკვლელობის გამო პალესტინელებს მოუწოდა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვისკენ. ასევე ნახეთ ჰამასის თანახმად, თეირანში მოკლულია მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე დღეს, 31 ივლისს, ჰამასმა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადეს, რომ თეირანში მოკლულია ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე და თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ჰამასის პოლიტიკური ლიდერი 30 ივლისს თეირანში ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ჰამასის ცნობით, ისმაილ ჰანიე დაიღუპა თეირანის შტაბ-ბინაზე დარტყმის შედეგად. რა სახის დარტყმა იყო, ჰამასს არ დაუკონკრეტებია. ზოგიერთი არაბული მედიასაშუალების ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით ჯერ დადასტურებული არ არის, შენობაზე, სადაც ჰანიე იმყოფებოდა, სარაკეტო შეტევა იყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მოკლულია ჰანიეს ერთ-ერთი მცველიც, დაწყებულია გამოძიება. ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს. ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა. ასევე ნახეთ ღაზის სექტორში მოკლულია ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი ისმაილ ჰანიე 1963 წლის 29 იანვარს დაიბადა ღაზის სექტორში. 1987 წელს დაამთავრა ღაზის ისლამური უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. 1997 წელს გახდა მოძრაობა ჰამასის დამფუძნებლის, შეიხ იასინის მდივანი. 2006-2007 წლებში იყო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰამასის პოლიტიკურ ბიუროს. აშშ-ს და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. 2024 წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ითხოვა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ისმაილ ჰანიეს დაპატიმრები...