აშშ-ის კონგრესში არსებული „ჰელსინკის კომისიის“ სახელით ცნობილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წევრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მისდამი მიწერილ წერილში სთხოვენ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერსა და პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, "რომელიც კრიტიკის განსაკუთრებული ობიექტი გახდა საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევისა და ქვეყნის მზარდად ავტორიტარული მართვის გამო". ბლინკენისადმი 26 ივლისით დათარიღებულ წერილს, რომელსაც სოციალურ ქსელში Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, ხელს აწერენ კონგრესმენები ჯო უილსონი, სტოვ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი. წერილზე ხელმომწერი კონგრესმენები ენტონი ბლინკენს მიმართავენ, დაწესდეს ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ. „ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდაა საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. მიგვაჩნია, რომ დროა, დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას“. კონგრესმენები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან, ერთობლივ წერილში აცხადებენ ასევე, რომ თაღლითური ქოლცენტრების ქსელი ზურგს უმაგრებს საქართველოს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” და "როგორც ჩანს, ეს ქოლცენტრები საქართველოში წარმოადგენს რგოლს კორუმპირებულ აქტორებს შორის, ასევე რუსეთში სხვა კლეპტოკრატ კოლეგებთან". კონგრესმენები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ "ეს ქოლცენტრები იყო მობილიზებული სხვადასხვა მიზნით სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის". „გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეერთებული შტატებისა და მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობით, გარდაუვალად, სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სისტემური ზომები მსგავსი ქოლცენტრების ქსელის წინააღმდეგ, საერთაშორისო მასშტაბით მათი ქმედებების აღმოსაფხვრელად“. კონგრესმენები წერილში წერენ, რომ, მათი რწმენით, ეს სანქციები სრულ შესაბამისობაშია მათ კანონპროექტთან, რომლის სახელწოდებაცაა „MEGOBARI Act-ი“. "ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერ...