ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს, რომლებიც კოროხნალის მაღაროსთან მეხუთე თვეა მართავენ აქციებს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატის, ბრალდებულთა ინტერესების დამცველის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, მათ საქმის მასალები გადასცეს და წინასასამართლო პროცესი საჩხერის სასამართლოში 1 აგვისტოს გაიმართება. გამოძიება შუქრუთის მცხოვრებლებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. როგორც განცხადებაში წერია, ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს, 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გასვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებითა და ბოქლომით ჩაკეტეს ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს გიორგი ნეფარიძე და პროკურატურის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს. ნეფარიძის თქმით, 20 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მივიდნენ და „ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას“. ნეფარიძე ამბობს, რომ სავენტილაციო სისტემას, რომელიც განცხადებაშია ნახსენები, მაღაროს მუშაობის დროს მტვერი და გამონაბოლქვი გარეთ გამოაქვს მაღაროდან და მისი გათიშვა მაღაროს არ...