2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულმა, პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა გამოძიებასთან გარიგება გააფორმა. იგივე გააკეთა კიდევ ორმა ბრალდებულმა. ოფიციალური ინფორმაცია 31 ივლისს გამოქვეყნდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე. პენტაგონი გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებს. ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის CNN-ის და New York Times-ის ცნობით, ხალიდ შეიხ მოჰამედი და კიდევ ორი ბრალდებული დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ თავიდან აიცილებენ სიკვდილით დასჯას და მათ სასამართლო სამუდამო პატიმრობის განაჩენს გამოუტანს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგის შესახებ პროკურატურამ წერილობით უკვე აცნობა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და გადარჩენილებს. ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული ხალიდ შეიხ მოჰამედი და კიდევ ორი ბრალდებული დასთანხმდნენ თავი დამნაშავედ აღიარონ ყველა პუნქტში, მათ შორის 2976 ადამიანის მკვლელობაში. ხალიდ შეიხ მოჰამედი, რომელმაც გამოძიების თანახმად, ტერაქტები დაგეგმა და კოორდინირებას უწევდა დაფინანსებას, 2003 წელს პაკისტანში დააკავეს. 2006 წელს ის გუანტანამოს ციხეში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ხალიდ შეიხ მოჰამედის და სხვათა მიმართ გამოყენებული იყო წამების მეთოდები. ბრალდებულები ამ დრომდე არ გაუსამართლებიათ. 2001 წლის 11 სექტემბერს, ისლამისტების მიერ გატაცებული სამი სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკში შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს და ვაშინგტონში - პენტაგონს. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ქვეყნის ისტორიაში უდიდეს ტერაქტს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „ალ ყაიდამ“. 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა აშშ-ის ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, პაკისტანსა და ერაყში. ასევე ნახეთ ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის დეტალები ...