შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი თანასოფლელი, 50 წლამდე ასაკის კაცი, კლინიკაშია. სპეცრაზმელი, 31 წლის დემეტრე რევაზაშვილი, დაკავებულია. ის თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. დაკავებულის ადვოკატი რევაზ რევაზაშვილი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, დაეთანხმება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს. „ეს არ არის ადვილი ამბავი, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის ნაცნობია. ძალიან სენსიტიურია ეს საკითხი. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა წერია საქმის მასალებში და ამ ეტაპისთვის რას ეყრდნობა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ბრალდება მას ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია და მეც არ გადმომცემია საქმის მასალები“, - განაცხადა დაკავებულის ინტერესების დამცველმა რევაზ რევაზაშვილმა. დაზარალებული რევაზ მიხანაშვილი კი გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაშია. გორის ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, თავის ქალის ძვლების მოტეხილობა. მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ,,მკურნალობა უტარდება სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არის კრიტიკულად მძიმე. გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია', - თქვა გორის ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა ზურაბ ნადირაშვილმა. სოფელ ატენში ამბობენ, რომ ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დაკავებულის და დაზარალებულის ნათესავები კომენტარზე უარს აცხადებენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დემეტრე რევაზაშვილი 31 ივლისს დააკავა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. გამოძიების ცნობით, 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ რევაზ მიხანაშვილს, რომელიც შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...