მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი დიპლომატი. მას 48 საათი მიეცა ქვეყნის დასატოვებლად. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი, რომელსაც "გადაეცა ნოტა მისი თანამშრომლის არსასურველ პირად გამოცხადების შესახებ“. ამავე განცხადებაში განმარტებულია, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ მოიპოვა მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი დიპლომატი „ეწეოდა საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამებოდა მოლდოვის ტერიტორიაზე მის სტატუსს“. რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მალევე მას მერე, რაც მოლდოვის უშიშროების უწყებამ და პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარეს პარლამენტში და დააკავეს ორი პირი, საკანონმდებლო ორგანოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამშობლოს ღალატში. ეს ორი პირი, რომლებიც მოლდოვის კანონმდებლობით 72 საათით შეიძლება ჰყავდეთ დაკავებული, რუსეთის საელჩოს კიშინიოვში აწვდიდნენ ინფორმაციას, რომელიც მოლდოვის ინტერესებს ზიანს აყენებდა. ასევე ნახეთ მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა, სავარაუდოდ, ჯაშუშობის საქმის გამო ...