რთვლის სუბსიდირებას მთავრობა 2024 წელსაც გეგმავს. 1 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს. „იმისთვის, რომ მოსავალი სრულად დაბინავდეს და ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ, რთვლის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება. 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა. მინდა შეგახსენოთ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვქონდა 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი. ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი. მევენახეობის რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰექტრამდე ახალი ვენახი. ესეც მიუთითებს ძალიან სერიოზულ წინსვლაზე ამ დარგში”, - თქვა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ რთვლის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს გაცილებით ნაკლებია სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან გასულ წლებში გამოყოფილ თანხაზე - 2021 წელს 100 მლნ ლარი იყო, 2022 წელს კი 150 მლნ ლარამდე. კახელი ფერმერების ნაწილი რთვლის სუბსიდირების პროგრამით კმაყოფილია. მათ შორისაა ყვარლელი მალხაზ ზაუტაშვილი. „როგორც ვაზი სუნთქავს, ისე ვსუნთქავთ ჩვენც. სახელმწიფო რაც მეტს დაგვეხმარება, ჩვენთვის უკეთესია... საჩუქარზე უარს არავინ არ იტყვის“, - ამბობს მევენახე. ფერმერების ნაწილი მიიჩნევს, რომ გასულ წლებშიც და ახლაც, ყურძნის ფასი მიზერულია და რეალურად სარგებელს ვერ მიიღებენ. პაატა აბუაშვილს სურვილი აქვს, რომ წელს ერთი კილოგრამი რქაწითელი მინიმუმ ერთი ლარი და 20 თეთრი მაინც ღირდეს. ვენახი კახეთში „ცუდი იცით რა არის, სახელმწიფო წინასწარ რომ ამბობს, რქაწითელი ერთი ლარი ეღირებაო. წინასწარ რატომ აცხადებენ, იქნებ ქარხნებმა მეტი უნდა გადაიხადონ? მე თუ მკითხავს, 1 ლარი და 20 თეთრი მაინც უნდა ღირდეს რქაწითელი, მაგრამ მე ვინ მეკითხება?!“ უკვე წლებია, სახელმწიფოს რთვლის სუბსიდირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს ეკონომისტების და დარგის სპეციალისტების ერთი ნაწილი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე არ მოელოდა, რომ საარჩევნო წელს მთავრობა „მავნე პრაქტიკაზე“ უარს იტყოდა. „მევენახეობა არის დარგი, რომელიც ბევრ ადამიანს ...