“ჩვენ მივესალმებით ცნობას ალსუს მალე გათავისუფლების შესახებ და მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობას და ყველას, ვინც დაუღალავად იმუშავა იმისთვის, რომ დასრულებულიყო რუსეთის მიერ მის მიმართ უსამართლო მოპყრობა“, - წერს რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი თავის განცხადებაში. დასავლური მედიის, მათ შორის „ბიბისისა“ და „ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის მიმდინარე პროცესში იგეგმება ევან გერშკოვიჩის, პოლ უილანისა და ალსუ კურმაშევას გაცვლა. ასევე ნახეთ პატიმრების გაცვლა დასავლეთსა და რუსეთს შორის. რა არის ცნობილი რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. „ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და, ცხადია, არ დაუმსახურებია უსამართლო მოპყრობა და თავის საყვარელ ოჯახთან და კოლეგებთან იძულებითი განშორება“, - წერს სტივენ კაპუსი. "ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - იმეორებს რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი და პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა "გათავისუფლდეს რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი, რომლებიც ბელარუსისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ციხეებში სასტიკ პატიმრობაში იმყოფებიან". რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო, თითქმის სამი წელია, ოკუპირებულ ყირიმში გისოსებს მიღმა იმყოფება რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებით. თავისუფლების ჟურნალისტ იჰარ ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელ ანდრეი კუზნეჩიკს 2022 წელს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში ედება ბრალი. ...