„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ორი კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. „ოცნებამ“ განმარტა, რომ ამ მიზეზის გამო, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენებისადმი ივანიშვილის მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. „ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. ივანიშვილი ბოლოს საჯაროდ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისა და საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გამოჩნდა 16 ივლისს. მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ძიუდოისტებს, ლაშა ბექაურს, ტატო გრიგალაშვილსა და ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის აღება შეძლეს. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ლაშა ბექაური (-90 კგ) კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ...