გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს. ისინი კიოლნში თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან 2 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ ჩავიდნენ. თვითმფრინავის დაშვებამდე შოლცმა აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა. გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის იოლი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება და რუსეთისთვის გადაცემა. ფედერალური კანცლერის თანახმად, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები? კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს შოლცი დაუბრუნდა რუსეთის და ბელარუსის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ და მედიას უთხრა, რომ გერმანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ ეს ეჭვი გაუქრება. 1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. დასავლეთის მედიასაშუალებები 2023 წლიდან წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობებზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაეხსნა. ასევე ნახეთ ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი: "ადრე თუ გვიან, კრასიკოვს გაცვლიან. ეს პოლიტიკაა" კრასიკოვს და ამერიკის და ...