თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თანასოფლელის ცემის ბრალდებით დაკავებულ 31 წლის სპეცრაზმელს, დიმიტრი რევაზიშვილს. გამოძიების ვერსიით, რევაზიშვილმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს, სასტიკად სცემა 50 წლამდე თანასოფლელს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რევაზიშვილი 31 ივლისს დააკავეს, შემთხვევა კი, გამოძიების ვერსიით, 29 ივლისს მოხდა. 2 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც რევაზიშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა, მისმა ადვოკატმა კი თქვა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს, საქმის პროკურორმა ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის არსებობის შესახებ ისაუბრა. "არსებობს ამ საქმეზე მეორე ბრალდებულიც, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში მოსვლას ამ ეტაპზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს დაუსწრებლად და მის მიმართაც მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამ პირს ბრალად აქვს წარდგენილი განზრახ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა", - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა საქალაქო სასამართლოში. გამოძიების ვერსიით, დიმიტრი რევაზიშვილი და მეორე ბრალდებული, იოსებ ბარჯაძე, სასტიკად ნაცემი თანასოფლელის ცოლს ეუბნებოდნენ, რომ 112-ში არ უნდა დაერეკა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებისთვის არ უნდა ეცნობებინა. ასევე ნახეთ თანასოფლელის ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი ბრალის წარდგენას ელოდება სოფელ ატენში ამბობენ, რომ ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დაკავებულის და დაზარალებულის ნათესავები კომენტარზე უარს აცხადებენ. დემეტრე რევაზიშვილის საქმის განხილვა სასამართლოში შემოდგომაზე დაიწყება - წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 26 სექტემბერს დანიშნა. ...