ბელარუს ხელოვან-აქციონისტს ალექსეი კუზმიჩს, რომელმაც ვინსენტ ვან გოგის საფლავის გათხრა სცადა, ევროკავშირიდან გააძევებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პონტუაზის სასამართლომ. ამას გარდა, მას მიუსაჯეს ერთთვიანი პირობითი პატიმრობა და ჯარიმა - სამი ათასი ევრო, იტყობინება მხატვრის მხარდამჭერი ჯგუფი მის ფეისბუკის გვერდზე. მედიამ დააზუსტა, რომ სასამართლომ დააკისრა კუზმიჩს, გაემგზავროს ევროკავშირიდან ნებისმიერ ქვეყანაში, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის გარდა. თუ ის ევროკავშირს ნებაყოფლობით არ დატოვებს, მაშინ მას გადასცემენ იმ ქვეყანას, საიდანაც არის წარმოშობით - ანუ ბელარუსს. იქ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ასევე მხატვრული აქციის გამო. ახლა კუზმიჩი უცხოელ კანონდამრღვევთა დაკავების ცენტრში იმყოფება, ქალაქ ლე მენილ-ამლოში. საფრანგეთის პოლიციამ კუზმიჩი 29 ივლისს დააკავა ოვერ-სიურ-უაზის სასაფლაოზე, პარიზის მახლობლად, სადაც დაკრძალულია ვინსენტ ვან გოგი. კუზმიჩი თეთრი კოსტიუმითა და თეთრი გრიმით მივიდა სასაფლაოზე. მას თან ჰქონდა ნიჩაბი და მაღვიძარა. იქ შეკრებილთ განუცხადა, რომ სურს, "დაუბრუნოს მხატვარი სამყაროს", ჩართო მაღვიძარა და დაიწყო მიწის თხრა საფლავის გარშემო, თან ყვიროდა: "მხატვარო, ადექი!" მან აქციას "რენესანსი" დაარქვა. ...