კრემლის სავარაუდო გეგმა, გადასცეს იემენელ ჰუთებს რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა, ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების სურვილს ირანთან და აძლიერებს ვარაუდს, რომ მოსკოვი მიზნად უნდა ისახავდეს თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების გამოყენებას დასავლეთთან ირიბად დასაპირისპირებლად, - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული (ISW) ინსტიტუტი. 2 აგვისტოს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადებოდა 2024 წლის ივლისის ბოლოს ჰუთებისთვის უცნობი რაკეტებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის, მაგრამ უარი თქვა ამ გეგმაზე შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კონტაქტის შემდეგ. "ცნობები რუსეთის გეგმების შესახებ, დასავლეთთან ირიბად დასაპირისპირებლად მხარი დაუჭიროს ჰუთებს, კოორდინირებულია რუსეთის რამდენიმე საინფორმაციო და ჰიბრიდულ ოპერაციასთან, რომელთა მიზანია აიძულოს დასავლეთი, რომ რუსეთთან დაპირისპირების შიშით თავი შეიკავოს უკრაინის მხარდაჭერისგან“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებაში. ივნისში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის რაკეტებით განხორციელებულ იერიშებზე "ასიმეტრიულ პასუხად", მოსკოვს შეუძლია დაიწყოს დასავლეთის ქვეყნების მოწინააღმდეგეებისათვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება. პუტინს არ დაუკონკრეტებია, ვის შეიძლება გადაეცეს რუსული რაკეტები. ამერიკულ სამხედრო ბაზებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიტარიზებული ჯგუფები, ხოლო დასავლურ სავაჭრო გემებს რეგულარულად ესხმიან თავს იემენში მოქმედი შეიარაღებული ჰუთების რაზმები. ირანული რაკეტები და თვითმფრინავები ყველაზე ხშირად გამოიყენება თავდასხმებში და თავად მოსკოვი დაინტერესებულია თეირანიდან ამ ტექნოლოგიების მოპოვებით. ასევე ნახეთ აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს იემენელი ჰუთების ხელმძღვანელობას ...