სასურსათო მაღაზიის მფლობელს, ვიტალი გუგუჩიას, პროკურატურამ ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ამავე არხის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიასთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით მივიდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტელეკომპანია PosTV-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვიტალი გუგუჩიამ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 26-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ბრალდება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ვიტალი გუგუჩია და მისი ცოლი მირანადა ჯობავა საზოგადოებამ 2024 წლის 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. 28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გუგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს, უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“. три 31 მაისს სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა. ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ ...