სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთში, ქარხანა „ავანგარდში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. ქარხანა, რომლის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“, ბაშკირეთის მხარის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარეობს. პირველი ცნობები აფეთქების შესახებ 5 აგვისტოს, ღამით, გავრცელდა. გამოცემა РБК „როსტეხისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ საამქროში, სადაც მილსადენის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სავარაუდოა, რომ მუშებმა მილის მოჭრისას უსაფრთხოების წესები დაარღვიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ქარხანა „ავანგარდი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს ასრულებს. მათ შორის აწარმოებს დეტალებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის. „ავანგარდი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ სანქცირებულ საწარმოებს შორისაა. ...