შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა იყო. ერაყის დასავლეთში მდებარე ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე სარაკეტო შეტევა 5 აგვისტოს განხორციელდა. სააგენტო Reuters-ი შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ დაიჭრა, სულ მცირე, ხუთი ამერიკელი სამხედრო. სააგენტოს ერაყის უსაფრთხოების სამსახურში ორმა წყარომ განუცხადა, რომ სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას გამოყენებული იყო ორი რაკეტა „კატიუშა“. ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმები გახშირდა 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ამ თავდასხმებში ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფებებს ადანაშაულებს, არაერთი საპასუხო ოპერაცია ჩაატარა. ერაყში იმყოფება 2000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო. ისინი ადგილობრივ პარტნიორებს ეხმარებიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას ადასტურებს პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობა, რომელიც ეხება შეერთებული შტატების და ისრაელის თავდაცვის მინისტრებს, ლოიდ ოსტინსა და იოავ გალანტს შორის 5 აგვისტოს გამართულ საუბარს. პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის თანახმად, ოსტინს და გალანტს აქვთ საერთო პოზიცია, რომ ერაყში, ალ-ასადის ბაზაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმა საშიში ესკალაციაა და ადასტურებს ირანის, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევის როლს. ოსტინმა გალანტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი, რომელიც ირანის, ლიბანური ჰეზბოლას და თეირანთან კავშირის მქონე სხვა დაჯგუფებების მხრიდან საფრთხის წინაშეა. ასევე ნახეთ თეირანი აცხადებს, რომ აქვს ისრაელის დასჯის უფლება, მაგრამ სურს აიცილოს ფართომასშტაბიანი ომი ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს თეირანში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე. ჰამასმა და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს. 30 ივლისს ისრაელის არმიამ ბეირუთის გარეუბანში დაბომბა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას პოზიციები და განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია მისი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი. ჰეზბოლა ისრაელს შურისძიებით დაემუქრა. რამდენიმე დღით ადრე, 27 ივლისს, ისრაელმა ჰეზბოლა დაადანაშაულა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევაში, რომლის შედეგად სტადიონზე დაიღუპა 12 მოზარდი და ახალგაზრდა. ასევე ნახეთ ერთი ღამე, ორი მკვლელობა: რა შეიძლება მოჰყვეს ჰამა...