ბანგლადეშელი დემონსტრანტების მოთხოვნით, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა გახდეს მუჰამედ იუნუსი, რომელსაც 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. Associated Press-ის თანახმად, იუნუსი, რომელიც 84 წლისაა, უკვე დათანხმდა ამ წინადადებას. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 2006 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია მუჰამედ იუნუსსა და მის მიერ დაარსებულ მიკრო-საკრედიტო ბანკ "გრამინს" (Grameen) მიანიჭა. იუნუსის მიერ დაარსებული ბანკი უზრუნველყოფს მიკრო სუბსიდიებს დაბალი პროცენტით, რაც ბევრ ბანგლადეშელს გადარჩენის საშუალებას აძლევს. ამისთვის იუნუსს "ღარიბთა ბანკირს" ეძახდნენ. ჯილდოს მიღების შემდეგ, იუნუსმა განაცხადა, რომ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ბანგლადეშის პოლიტიკაში. დროთა განმავლობაში, მან მიატოვა საკუთარი პარტიის დაარსების იდეა, მაგრამ განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა და ოპოზიციის მხარე დაიკავა. 2024 წლის იანვარში, იუნუსს ექვსი თვით მიუსაჯეს პატიმრობა შრომის კანონების დარღვევისთვის. მან დანაშაული არ აღიარა და სამართლებრივ დევნას პოლიტიკური უწოდა. ბანგლადეშში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე, 5 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა, რომელიც სამხედრო შვეულმფრენით ინდოეთში გაიქცა. ასევე ნახეთ ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გადადგა და ინდოეთში გაიქცა, მის ოფისზე იერიში მიიტანეს ამავე დროს, ბანგლადეშის არმიის უფროსი უოკერ ალ-ზამანი შეხვდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და წამყვან მასწავლებლებს, რის შემდეგაც ქვეყანაში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ გამოცხადდა. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო საჯარო სამსახურში კვოტების დაწესების შემდეგ. მთავრობის ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობამ ადგილები თავისი მომხრეების სასარგებლოდ გაანაწილა. 4 აგვისტოს დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდი არეულობა ბანგლადეშში. ...