საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების მცდელობა. ამის შესახებ განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა. Amnesty International-ი მიუთითებს საქართველოს ვალდებულებებზე საერთაშორისო სამართლის თანახმად. არგადაცემის პრინციპის მოთხოვნების მიხედვით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სადიგოვისა და მის მეუღლის დაცვა, ამგვარი მიმართვის არსებობის შემთხვევაში, ამბობს კრივოშეევი. „ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით. სადიგოვის საქმე აგრძელებს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციას. Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებულად დადანაშაულება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო“, - ამბობს კრივოშეევი. აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. Amnesty International-ის ინფორმაციით, მას 2020 წლის მაისში შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა სამართლიან სასამართლოზე მისი უფლების დარღვევით, აფგან სადიგოვი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია. სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო წასვლა. სადიგოვის ოჯახი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მისი კრიტიკული ჟურნალისტიკის საპასუხოდაა შეკერილი. ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, აფგან სადიგოვი გლდანის ციხეშია. მას კვირას, 4 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის თქმით, ვინაიდან აზერბაიჯანულ მხარეს გადაცემული არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, საექსტრადიციო პროცედურები მალე ვერ დაიწყება. "მათგან მოწოდებული გვაქვს მხოლოდ, რომ აღიძრა საქმე და გამოცხადდა ძებნა, მაგრამ საქმის აღძვრასთან დაკავშირებული მტკიცებულები და სხვა მასალები არ აქვს არც პროკურატურას და არც დაცვის მხარეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა 6 აგვისტოს. ასევე ნახეთ აფგან სადიგოვი - ვინ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელსაც თბილისში საექსტრადიციო პატიმრ...