ლიბანური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერმა საიედ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელის ამასწინანდელი მოქმედებები არ ჩაივლის „ძლიერი და ეფექტიანი“ პასუხის გარეშე. ეს განცხადება მან გააკეთა მზარდი შიშის ფონზე, რომ რეგიონში ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს. ჰეზბოლა შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თეირანი „ვალდებულია, პასუხი გასცეს და მტერი დიდი შიშის მდგომარეობაში იცდის,“ თქვა ჰასან ნასრალამ 6 აგვისტოს სატელევიზიო მიმართვაში, რომლითაც აღინიშნა ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერის, ფუად შუქრის სიკვდილიდან ერთი კვირის გასვლა. ლიბანის სამხრეთში მოქმედი ჰეზბოლა და ისრაელი თვეების განმავლობაში განუწყვეტლივ ახორციელებენ ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშებს ლიბან-ისრაელის საზღვრის ორივე მხრიდან. ამ იერიშების შედეგად ბევრნი დაიხოცნენ და ათასობით ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლ-კარი. ერთ-ერთია 27 ივლისს ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიში, რომლის შედეგადაც გოლანის მაღლობებზე 12 ახალგაზრდა და ბავშვი დაიღუპა. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სარაკეტო იერიშების შედეგად ბეირუთის გარეუბანში მოკლეს ჰეზბოლას მაღალი რანგის სამხედრო მეთაური ფუად შუქრი, თეირანში კი - ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე. აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ...