ნიგერის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს. ამ გადაწყვეტილებით ნიგერი გახდა აფრიკის მეორე სახელმწიფო, რომელმაც კიევთან ურთიერთობა შეწყვიტა უკრაინის ოფიციალური პირის განცხადებების გამო, რომლებიც მეზობელ მალიში მეამბოხეების მხარდაჭერად იქნა აღქმული. ნიგერის ამ განცხადების ფონია რუსეთის გავლენის გაფართოება საჰელის რეგიონში იმ სამხედრო რეჟიმების მხარდაჭერით, რომლებსაც სეპარატისტი და ისლამისტი მეამბოხეები უპირისპირდებიან. უკრაინას ნიგერის ნაბიჯზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. მანამდე, 4 აგვისტოს, კიევთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს მალის სამხედრო მმართველებმაც, თითქოს მისი ჩართულობის გამო მეამბოხეთა მიერ მოწყობილ თავდასხმაში, რომელსაც ათობით მალელი ჯარისკაცი და რუსი დაქირავებული მებრძოლი ემსხვერპლა. უკრაინა ბრალდებას უარყოფს. "ნიგერის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მალის ხელისუფლებისა და ხალხის სრული სოლიდარობით, თავის სუვერენიტეტზე დაყრდნობით გადაწყვიტა, გაწყვიტოს დიპლომატიური კავშირი ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის", - გამოაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში მთავრობის პრესმდივანმა აბდურაჰმანე ამადუმ 6 აგვისტოს, გვიან საღამოს. ასევე ნახეთ „აფრიკული ხაფანგი“ - მალიში განადგურებული „ვაგნერის“ სამხედრო კოლონა და უკრაინის დაზვერვა ...