საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 16 წლისთავზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გამოაქვეყნა. ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით“, - წერია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. ენტონი ბლინკენი რუსეთს მოუწოდებს 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ. „შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა“, - ვკითხულობთ ბლინკენის განცხადებაში, რომლის ქართული თარგმანი აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. ასევე ნახეთ „რუსეთი აგრესორია“ - ომიდან 16 წლისთავზე პარტნიორები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ დღეს, 7 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა. ...