ქალაქ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება, იქ სასაზღვრო კატარღებია განლაგებული, განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. „ოჩამჩირეში არავითარი რუსული საზღვაო ბაზა არ იგეგმება, არის სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - თქვა მან. შამბას სიტყვებით, შავი ზღვა კვლავ დაძაბულობის რეგიონად იქცა, იქ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ნატოს ხომალდები, დაფრინავენ აშშ-ისა და ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები. „არ შეიძლება ეს არ გვაღელვებდეს. ის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიაში, ესეც გვაღელვებს“, - აღნიშნა მან. შამბას თქმით, შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები ჩატარდება, უცნობია, ვინ მოვა ხელისუფლებაში. „თუ სააკაშვილის მომხრეები მოვლენ, ამჟამინდელი ოპოზიცია, ჩვენ მათი მხრიდან რაიმე სახის ავანტიურას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ შედეგი ჩვენთვის იქნება სავალალო. არავის სურს ახალი ომის გაჩაღება, ეს ახალი მსხვერპლია. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენ არ გვჭირდება“, - თქვა შამბამ. იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში აშენებს სამხედრო ფლოტის ბაზას, რომელიც, მისი თქმით, უკვე 2024 წელს შეიძლება ამოქმედდეს. შამბა აცხადებდა, რომ ამჟამად რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების ეტაპზეა და სამშენებლო სამუშაო ჯერ არ დაწყებულა. შამბა ვერ აკონკრეტებდა, რა ტიპის ხომალდები განთავსდება ფლოტის არეალში. გასული წლის ოქტომბერში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთთან ხელმოწერილია ხელშეკრულება ფლოტის ოჩამჩირის რეგიონში განთავსებაზე. ამასთან, 2017 წლიდან ოჩამჩირეში არსებობს რუსეთის "ეფესბეს" საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას". გასული წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობდა, რომ ოჩამჩირის ე.წ. პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ შეძლებს. კიევში განაცხადეს, რომ სრული უფლება აქვთ, დაარტყან რუსულ გემებს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო ბაზაზე. ”ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საქართველოს საგარე...