პროტესტის 28-ე დღეს „ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები გაფიცვის ფორმატს ცვლიან. ისინი უარს ამბობენ „სოლიდარობის ჯაჭვის“ აქციაზე, რაც „ევოლუშენის“ შენობის შესასვლელების პიკეტირებას გულისხმობს. გაფიცვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, „ევოლუშენის“ თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ. ამის შესახებ 8 აგვისტოს კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გაფიცულები შიმშილობას და რამდენი მათგანი შეუერთდება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. „ევოლუშენში“ დასაქმებული თამარ ანსიანი ამბობს, რომ შიმშილობის დაწყების დღეს და დროს, ისევ ბრიფინგით ფორმით აცნობებენ „ევოლუშენის“ ადმინისტრაციას. იქამდე მოუწოდებენ „ევოლუშენს“, დააკმაყოფილონ გაფიცვის მოთხოვნები და „ღირსეული შრომითი პირობები შეუქმნან დასაქმებულებს“. „ამ დროის განმავლობაში კომპანიასთან ოფიციალური და პირადი კომუნიკაცია არ ყოფილა, იურიდიული მცდელობები იყო, თუმცა ჩვენ ამას კომუნიკაციად ვერ ჩავთვლით", - ამბობს თამარ ანსიანი. ის აპირებს შეუერთდეს შიმშილობის აქციას. პროფესიულ კავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს დაინტერესდნენ „ევოლუშენში“ მიმდინარე პროცესებით და „არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა". „დროებით ჩერდება სოლიდარობის ჯაჭვი, იმიტომ, რომ დამსაქმებელმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი გამოიყენა და პროვოცირებს, რომ კომპანია გავა ბაზრიდან, თუ კოლეგებს არ გადააბიჯებთ და სტუდიებში არ შეხვალთ", - ამბობს გიორგი დიასამიძე და ამატებს, რომ კომპანიაში დასაქმებულებმა თავად შესთავაზეს გაფიცულებს შესასვლელების პიკეტირება, რათა გაფიცვისთვის მხარიც დაეჭირათ და არც სამსახურები დაეკარგათ: „ევოლუშენი დასაქმებულებზე პროვოცირებს და ემუქრება, რომ ბაზრიდან გავა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არ გვინდა ამ პროვოცირების მიზეზი ვიყოთ“. გაფიცულმა თანამშრომლებმა „ევოლუშენის“ შესასვლელებში დასხდომა და ამ ფორმით გზის გადაკეტვა 2 აგვისტოდან დაიწყეს, რამაც კომპანიის 24-საათიან სერვისს პრობლემები შეუქმნა. ვითარება ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა, როგორც გაფიცულებსა და კომპანიის დაცვას, ისე დასაქმებულებს შორის. 8 აგვისტო, 2024 წელი. „ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები. გაფიცულებს „ევოლუშენის“ ადმინისტრაციაც მოუწოდებდა, შეეწყვიტათ შესასვლელების პიკეტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდა, რომ კომპანია იძულებული იქნებოდა, ცვლილებებისთვის მიემართა, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან შემცირებებს, რათა შეიზღუდოს „ევოლუშენის“ წარმომადგენლობა საქართველოში. მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია „ევოლუშ...