რუსეთის პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქსენია კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მას ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში. კარელინა 2022 წლის იანვარში ეკატერინბურგში დააკავეს. პირველად ის წვრილმანი ხულიგნობისთვის 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, მაგრამ სპეციალური დაკავების ცენტრი არ დაუტოვებია, რადგან 7 თებერვალს უკვე სახელმწიფო ღალატის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა. საბოლოო ჯამში, ქსენია კარელინას აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციისთვის 51 დოლარის სავარაუდო შემოწირულების გამო დასდეს ღალატში ბრალი. ორგანიზაცია უკრაინას ეხმარება. ასევე ნახეთ „ისინი მძიმე პირობებში რჩებიან“ - ის, ვინც პატიმრების გაცვლაში ვერ მოხვდა როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს ადგილობრივ საიტ E1.ru-ზე დაყრდნობით, კარელინამ აღიარა დანაშაული. განაჩენის გამოცხადება 15 აგვისტოს იგეგმება. ქსენია კარელინა ერთ-ერთია რუსეთის ციხეებში მყოფ იმ რამდენიმე ამერიკელსა და ასობით რუსეთის მოქალაქეს შორის, რომლებსაც დასავლეთი უსამართლოდ დაკავებულებსა და პოლიტპატიმრებს უწოდებს. უფლებადამცველები დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, რომ ენერგიულად განაგრძონ მათი გათავისუფლების მცდელობა. ...