რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. ამ შინაარსის პირველი ცნობა 9 აგვისტოს, ღამის ოთხი საათისთვის, ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა. გამთენიისას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარია. გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგოობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომელი ენერგოობიექტი, არ დაუკონკრეტებია. არტამონოვის თანახმად, დაშავებულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი. დრონებით მასირებული თავდასხმის თაობაზე გავრცელებულ პირველ ცნობაში გუბერნატორი აღნიშნავდა, რომ „სამოქალაქო შენობებისგან შორს მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია“. მოგვიანებით, არტამონოვმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოთხი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედეს. ქალაქ ლიპეცკსა და ლიპეცკის ოლქში სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს. ადგილობრივმა საწარმოებმა მიიღეს მითითება, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სამუშაო პროცესი არ განაახლონ, სანამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე მოქმედებს. უკრაინას ლიპეცკის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ლიპეცკის ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი. ასევე ნახეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ კურსკის რეგიონში დღეს დილით, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. მისი ინფორმაციით, ქალაქებში, ოსკოლსა და შებეკინოში დაზიანებულია სახლები და საწარმო. განახლება: დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 26 ბელგოროდის ოლქში, 19 - ლიპეცკის ოლქში, შვიდი - კურსკში, ხუთი - ბრიანსკში, ოთხი - ვორონეჟში, ერთი - ორიოლის ოლქში, ხუთი - ყირიმის თავზე და რვა - შავი ზღვის აკვატორიაში. ...