აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის ლიდერებმა ერთობლივად მოითხოვეს ისრაელისა და ჰამასისგან, მომავალ კვირაში დაუბრუნდნენ ღაზის ომის საკითხზე ჩიხში შესულ მოლაპარაკებას. მათ განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა დაბრუნებაზე „მხოლოდ დეტალებია“ შესათანხმებელი. „დროის დაკარგვა აღარ შეიძლება, შემდგომი შეფერხების გამართლებას ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს“, - ნათქვამია 8 აგვისტოს ერთობლივ განცხადებაში. AP-ის თანახმად, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა 8 აგვისტოს, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „აშშ-ის და შუამავლების წინადადების შესაბამისად, ჩარჩო შეთანხმების შესრულების დეტალებზე საბოლოო მორიგებისთვის ისრაელი 15 აგვისტოს გააგზავნის მომლაპარაკებელთა ჯგუფს ადგილზე, რომელიც დადგინდება“. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის შეჭრის შემდეგ, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს, ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, წამოიწყო ფართო საომარი ოპერაცია, რომელსაც დღემდე 39 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის, ასევე კატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერდა მას მერე, რაც ირანში ჰამასის და ლიბანში ჰეზბოლას მეთაურები დახოცეს, რაშიც ისინი ისრაელს ადანაშაულებენ. აშშ-სა და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავთ გამოცხადებული. ასევე ნახეთ თურქეთი მონაწილეობას აპირებს ICJ-ში პალესტინელთა გენოციდის თაობაზე ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი: ჰამასის მეთაურის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტას ხელს არ უწყობს ...