რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლეც უნდა ყოფილიყო იმ პატიმრებს შორის, რომლებიც მოსკოვსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში გასულ კვირაში გათავისუფლდნენ რუსეთის ციხეებიდან. YouTube-ით 8 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნავალნაია ამბობს, რომ მან და ნავალნის მოკავშირეებმა პოლიტიკოსის დაღუპვიდან მალევე შეიტყვეს, რომ პატიმართა გაცვლა, რომელიც მის ქმარსაც მოიცავდა, შეთანხმების ბოლო სტადიაზე იყო. ნავალნი არქტიკის ციხეში თებერვალში გარდაიცვალა. ნავალნაია ამბობს, რომ მისი ქმარი უნდა გაეცვალათ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს. მაგრამ ნავალნის პოტენციური თავისუფლება "შემაშინებელი იყო [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინისთვის და მან ის ამიტომაც მოკლა", - ამბობს ნავალნაია და დასძენს, რომ მაინც ბედნიერია იმის ხილვით, რომ ამდენი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდა. "დიდი ხანია არ მიგრძნია ასეთი შვება და ბედნიერება, თუმცა, ამავე დროს, სიმწარესაც ვგრძნობდი" - ამბობს იულია ნავალნაია. ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები? ...