რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დღეს, 12 აგვისტოს, დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების „აქტიურობა“ კრასნოიარუჟსკის რაიონში. ამ რაიონის სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინელი სამხედროების სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ 11 აგვისტოს იუწყებოდა სხვადასხვა წყარო, მათ შორის - რუსი სამხედრო ბლოგერები. ბელგოროდის ოლქის ეს ნაწილი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. კრასნოიარუჟსკის რაიონი მდებარეობს დაახლოებით 45 კილომეტრში რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონიდან, სადაც უკრაინის სახმელეთო ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ. დღეს, 12 აგვისტოს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „შემაშფოთებელი დილაა. მტრის აქტიურობაა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე“. ასევე ნახეთ რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა გუბერნატორ გლადკოვის თანახმად, რუსი სამხედროები „საფრთხესთან გასამკლავებლად ყველაფერს გააკეთებენ“, მაგრამ მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად დაიწყეს კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრებთა „გადაადგილება უფრო უსაფრთხო ადგილებში“. უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე თვეებია საარტილერიო საშუალებებით, დრონებით და რაკეტებით უტევენ რუსეთის ბელგოროდის ოლქს, ძირითადად, შებეკინოს დ გრაივორონის რაიონებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა „აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის“ შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს, ღამით განაცხადა, რომ გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების „განადგურების ოპერაცია" და მათი გარღვევა „აღკვეთილია" კიდევ სამ დასახლებულ პუნქტთან. რუსეთის თანახმად, 6 აგვისტოდან უკრაინის არმიის დანაკარგი შეადგენს 1350-მდე სამხედროს, 29 ტანკს და 23 ჯავშანმანქანას. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. ...