საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ ტერიტორიაზე. დამწვარია სახლები და ავტომანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, კლინიკებში გადაიყვანეს კვამლით მოწამლული არაერთი ადამიანი. 10 აგვისტოს, შუადღის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ქრობაში ჩაერთო 400-ზე მეტი მეხანძრე და სპეციალური ავიაცია. 24 საათში ვარნავასში და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ლოკალიზებული იყო ხანძრის 40-დან 30-ზე მეტი კერა. სააგენტო Reuters-ი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ვითარება ისევ რთულია. ხანძრით გამოწვეულმა ძლიერმა კვამლმა ათენამდე მიაღწია. ხელისუფლებამ, ხანძრის მაღალი ალბათობის გამო, 11 აგვისტოს გადაწყვიტა ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის მოსახლეობის ევაკუაციაც. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და ათენში დაბრუნდა. საბერძნეთში ძლიერი გვალვა და ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, თუმცა, როგორც სააგენტო AFP წერს, ჯერჯერობით უცნობია, მხოლოდ კლიმატური პირობებია თუ არა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. გასულ წლებში საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის არაერთი ფაქტი იყო. три ხანძრების გამო საქართველოს საელჩომ საბერძნეთში ცხელი ხაზის ნომერი გამოაქვეყნა. საელჩოს თანახმად, 11 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებისგან რაიმე შეტყობინება არ ყოფილა. საელჩომ თანამემამულეებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილონ საბერძნეთის შესაბამისი სამსახურების მითითებებს, მათ შორის ევაკუაციის მოთხოვნას. ...