ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის და ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის გამო, აშშ აძლიერებს რეგიონში თავის სამხედრო ძალებს. თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ბრძანებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაიგზავნება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი USS Georgia(SSGN 729). ეს ცნობილი გახდა 11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პენტაგონმა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა ლოიდ ოსტინის და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის სატელეფონო საუბრის შესახებ. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, დაჩქარდება ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ამერიკული ავიამზიდის, USS Abraham Lincoln-ის გადასვლის პროცესი. ამ გემზე F-35C ტიპის გამანადგურებლებია განთავსებული. ამჟამად რეგიონში იმყოფება ამერიკული ავიამზიდი USS Theodore Roosevelt-ი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა და გალანტმა განიხილეს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციისას სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შემცირების მნიშვნელობა, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა და მძევლების გათავისუფლების საკითხი და ძალისხმევა ირანის და მის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ჰეზბოლას და სხვა რადიკალური დაჯგუფებების აგრესიის შესაკავებლად. ასევე ნახეთ ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა: ირანი ვალდებულია, პასუხი გასცეს ისრაელს ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს თეირანში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე. ჰამასმა და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს. 30 ივლისს ისრაელის არმიამ ბეირუთის გარეუბანში დაბომბა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას პოზიციები და განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია მისი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი. ჰეზბოლა ისრაელს შურისძიებით დაემუქრა. რამდენიმე დღით ადრე, 27 ივლისს, ისრაელმა ჰეზბოლა დაადანაშაულა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევაში, რომლის შედეგად სტადიონზე დაიღუპა 12 მოზარდი და ახალგაზრდა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა. თავდასხმას მოჰყვა ისრაელის მიერ ჰამასისთვის ომის გამოცხადება და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, სადაც პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 000-მდე ადამიანია დაღუპული. ...