ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ ესკიშეჰირში, დანით და ნაჯახით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი. ამის შესახებ იუწყება თურქული გაზეთი Cumhuriyet-ი, რომლის თანახმად, დაჭრილთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. გაზეთ Eskisehir-ის ცნობით, ნიღბიანი თავდამსხმელი სამხედრო კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის სამოსში იყო გადაცმული, ეხურა ჩაფხუტი, ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ეკეთა ნაცისტური სამკერდე ემბლემა. ჩაფხუტზე დამაგრებული ჰქონდა კამერა, რომლითაც სოციალურ ქსელ X-ში პირდაპირ ეთერში გადასცემდა გამვლელებზე თავდასხმას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში დანით თავდასხმის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა. 29 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის სტუდიაში სამი გოგო მოკლა და კიდევ რვა ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა. ამ თავდასხმას ბრიტანეთში მასობრივი არეულობა და შეტაკებები მოჰყვა. ასევე ნახეთ დიდ ბრიტანეთში ახალი არეულობების შემდეგ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ისრაელის ქალაქ ჰოლონში 3 აგვისტოს გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, იგი აღმოჩნდა 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის არ მოქცეულა პოლიციის ყურადღების ცენტრში. ასევე ნახეთ ისრაელში გამვლელებს პალესტინელი დანით დაესხა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა ...