უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქის ხელში ჩაგდება კი არ აინტერესებს, არამედ სურს საკუთარი ხალხის სიცოცხლე დაიცვას იმით, რომ რუსეთს არ მისცეს დონეცკის ოლქში დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლის საშუალება და რუსეთის ჯარებს გაურთულოს ლოგისტიკა, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ. „რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით უკრაინას არ სურს სხვისი საკუთრება. უკრაინა არ არის იმით დაინტერესებული, რომ კურსკის ოლქში ტერიტორიები ჩაიგდოს ხელში, ჩვენ გვინდა საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა,“ თქვა მან კიევში გამართულ ბრიფინგზე, რომლის შესახებაც „ინტერფაქს-უკრაინა“ იტყობინება. ტიხიმ აღნიშნა, რომ კურსკის ოლქიდან მარტო ზაფხულის დამდეგიდან მის მეზობლად მდებარე უკრაინის სუმის ოლქს ორი ათასზე მეტი დარტყმა მიაყენეს, გამოყენებულია 255 მართული ავიაბომბი და 100-ზე მეტი რაკეტა. „სამწუხაროდ, უკრაინას არ მოეპოვება საკმარისი შესაძლებლობები შორ მანძილზე დარტყმების მისაყენებლად იმ შეიარაღებით, რომელიც მოგვეპოვება ამ ტერორისგან თავის დასაცავად. ამიტომ აუცილებელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით საზღვრისპირა რაიონების გათავისუფლება რუსეთის სამხედრო კონტინგენტებისგან, რომლებიც უკრაინას უშენენ ცეცხლს,“ აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ასევე ნახეთ ზელენსკი აღიარებს კურსკში შეჭრას, ამბობს, რომ რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დათანხმდეს მშვიდობას მისი თქმით, უკრაინა კურსკის ოლქში „შესაბამის მიზნებს“ აღწევს და განაგრძობს ამის კეთებას, ვინაიდან ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. ტიხიმ ასევე ახსნა, რომ კურსკის ოლქის ოპერაცია არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დონბასში დამატებითი ქვედანაყოფები გაგზავნოს და ამით მას ლოგისტიკა ურთულდება. ...