რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობით შეიცვალა. გადაწყვეტილება დღეს, 15 აგვისტოს, გამოაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. მინისტრ ალექსანდრ კურენკოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის „შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული შეტევების” გამო, რომელთა შედეგად დაღუპული და დაჭრილი არიან მოქალაქეები, დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, რასაც ფედერალურ დონეზე რეაგირება სჭირდება. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს შედეგების ლიკვიდაციას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მათ შორის დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კატეგორიების მიხედვით 15 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ფინანსური დახმარების გაწევას. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში 14 აგვისტოს აამოქმედეს რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მიზეზად დაასახელა „უკიდურესად რთული და დაძაბული ვითარება“ და განაცხადა, რომ მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასაწესებლადაც. უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, რეიდი დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც. ორივე რეგიონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი მოქალაქე. ასევე ნახეთ რუსეთმა სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში 9 აგვისტოს ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს რუსეთის კურსკის ოლქშიც, რომლის ტერიტორიაზე 6 აგვისტოდან მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან კურსკის, ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში მოქმედებს „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმიც". უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი. 14 აგვისტოს გენერალმა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”. ასევე ნახეთ უკრაინის არმია წინ მიიწევს და კურსკში "უსაფრთხოების ზონას" ქმნის უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, კიევის პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა...