ჰამასის ხელმძღვანელობის წევრმა ბიბისის აცნობა, რომ დაჯგუფება არ მიიღებს მონაწილეობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალ მოლაპარაკებაში. (ჰამასი აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.) ჰამასსა და ისრაელს შორის შუამავლების გზით მოლაპარაკება კატარში 15 აგვისტოს უნდა განახლებულიყო. ისრაელმა მასში მონაწილეობა დაადასტურა. ჰამასის წარმომადგენელმა "ბიბისის" უთხრა, რომ "დაჯგუფებას არ სურს მოლაპარაკებაში მოლაპარაკებისთვის მონაწილეობა, რის მიღმაც ისრაელი ომს აგრძელებს“. ჰამასს სურს „გზამკვლევის“, შეთანხმების შესრულების კონკრეტული გეგმის ნახვა, თქვა ჰამასის წარმომადგენელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს გეგმა უნდა იყოს დაფუძნებული წინადადებებზე, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა მაისში. თანამოსაუბრემ ბიბისის უთხრა, რომ ისრაელი მოლაპარაკების წინ დამატებით პირობებს აყენებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ასეთსავე ბრალდებებს უყენებს ჰამასს. ნეთანიაჰუს კანცელარიამ 14 აგვისტოს დაადასტურა, რომ ქვეყნის დელეგაცია მოლაპარაკებაზე ჩავიდოდა. შეხვედრა დაგეგმილია კატარის დედაქალაქ დოჰაში. როგორც ისრაელის მედია იტყობინებოდა, დოჰაში გაემგზავრნენ ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ მეთაური დავიდ ბარნეა, „შინ ბეტის“, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რონენ ბარი, ასევე ნეთანიაჰუს მრჩევლები და ისრაელის არმიის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესახებ გამოაცხადა ასევე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა უილიამ ბერნსმა, იტყობინება AFP. ასევე ნახეთ ისრაელი ჰამასის ახალ წინადადებას განიხილავს ...