რუმინელ ტანმოვარჯიშე ანა მარია ბარბოსუს 16 აგვისტოს ბუქარესტში დაგეგმილ ცერემონიაზე ბრინჯაოს მედალს გადასცემენ თავისუფალ ვარჯიშში, მაგრამ კამათი იმაზე, თუ ვინ დაიკავა მესამე ადგილი ამ სახეობაში პარიზის ოლიმპიადაზე, არ დასრულებულა. რუმინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ცერემონიის დანიშვნის შესახებ 13 აგვისტოს გამოაცხადა. მის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბარბოსუს მედალს 16 აგვისტოს, ბუქარესტის დროით 15:30 საათზე, ოლიმპიური სახლში გადასცემენ ოქტავიან მორარიუ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და მიხაი კოვალიუ, რუმინეთის ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტი. დაპირისპირება პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის გარშემო მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედალი ამერიკელ ტანმოვარჯიშე ჯორდან ჩაილზს გადაეცა მას შემდეგ, რაც მისმა მწვრთნელმა გაასაჩივრა 5 აგვისტოს შეჯიბრის შედეგი. მწვრთნელის მოთხოვნის შედეგად ჩაილზის შეფასება 13,666-დან 13,766-მდე გაზარდეს, რასაც მოჰყვა მისი მესამე ადგილზე გადანაცვლება ბარბოსუს ნაცვლად. რამდენიმე დღის შემდეგ, საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა საქმე და დაადგინა, რომ ამერიკელების გასაჩივრება ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესის დარღვევით მოხდა და აღადგინეს ჩაილზის ძველი შედეგი, რამაც ბარბოსუ დააბრუნა მესამე ადგილზე. 11 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ჩაილზმა მედალი უნდა დააბრუნოს. არ არის ცნობილი, დააბრუნა თუ არა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ მედალი და მიიღებს თუ არა ბარბოსუ ახალ მედალს. 15 აგვისტოს სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში ჩაილზი ამბობს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მედლის დაბრუნების შესახებ „უსამართლოა“ და დიდი დარტყმაა მისთვის. ასევე ნახეთ კობახიძე: 50 000 ლარი გადაეცემა ყველა ოლიმპიელს, რომლებსაც მედალი არ მოუგიათ ასევე ნახეთ რუსეთის ციხიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა ქალმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა ...