რუსეთის ირკუტსკის ოლქში ჩამოვარდა შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ტუ-22მ3. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატასტროფის შესახებ პირველი ცნობა 15 აგვისტოს, ღამით გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბომბდამშენი „გეგმური ფრენის შესრულებისას“ დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟი კატაპულტირებულია და მისი წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ხარისხის ტრავმით საავადმყოფოში არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს 2024 წლის 19 აპრილს რუსული ბომბდამშენი ტუ-22მ3 ჩამოვარდა სტავროპოლის მხარეშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. იმავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთს ეს სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაუნადგურეს. ტუ-22მ3 რაკეტმზიდი ბომბდამშენია, რომლის ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია. ...