2024 წელს მასწავლებლის ეროვნული დღე ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში აღინიშნება და განათლების სამინისტრო ამ დღეს საზეიმო ღონისძიების მოსაწყობად, რომლის ნაწილია ეროვნული პრემიის გადაცემა გამორჩეული პედაგოგებისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, მხოლოდ ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში სახელმწიფო 519 557 ლარს გადაიხდის. ღონისძიების ორგანიზატორად შერჩეული კომპანიის მიერ შეთავაზებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების წამყვანები იქნებიან ლიზა წიკლაური (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი) და ნიკოლოზ წულუკიძე (ტელეკომპანია იმედის წამყვანი); თავად კონცერტის მონაწილეები კი იქნებიან სუხიშვილები, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა და სხვები. ასევე ნახეთ რეჟისორი, მსახიობი, ექიმი, ტელეწამყვანი - ვინ არჩევს გამორჩეულ პედაგოგებს სამინისტროს კონკურსში 2024 წელს მასწავლებლის დღის სექტემბერში აღნიშვნა განპირობებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით. "მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა 2023 წელს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს N340 დადგენილებით. მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა მოხდება ყოველი წლის 27 ოქტომბერს. ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს. საზეიმო ცერემონიას ესწრებიან მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცერემონიის თარიღის ცვლილება, რათა შეუფერხებლად და მასშტაბურად აღინიშნოს ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაული" - ასე ასაბუთებს სამინისტრო ერთი წლის წინ დაარსებული დღის სხვა დღის აღნიშვნის საჭიროებას. მასწავლებლის ეროვნულ დღეს სახელმწიფო განსაკუთრებულ მასწავლებლებს აჯილდოებს და ფულადი ჯილდოთი 10 000 ლარის ოდენობით და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სამკერდე ნიშნით. ...