იმის ნიშნად, რომ შუამავლები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გარდაუვალად მიიჩნევენ, აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეები მუშაობენ ლოგისტიკის თემაზე იმ შემთხვევისთვის, როცა მძევლებს გაათავისუფლებენ და დახმარების განაწილება მოხდება ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში, ასევე ბრიტანეთში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შორის ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების ჩარჩოებში. 17 აგვისტოს ადრე ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 პირი ემსხვერპლა. მოხელემ, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა და თეთრი სახლის მიერ დადგენილი პირობით, ვინაობა არ გაუმხელია, თქვა, რომ წინადადება, რომელიც ახლა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ძირითადად აგვარებს ყველა უთანხმოებას ისრაელსა და ჰამასს შორის და შუამავლები საბოლოო შეთანხმების დამტკიცებამდე აწარმოებენ მოსამზადებელ სამუშაოებს, იტყობინება AP-ი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მიზანს მიუახლოვდა. გვიან ღამით, 16 აგვისტოს ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა, ჰოსამ ბადრანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების გზაზე შემაფერხებელია ისრაელის ოპერაციები. მოლაპარაკების მიმდინარეობისას, შუამავლების მიერ ოპტიმიზმის გამოხატვის ფონზე, ღაზაში 17 აგვისტოს ძალადობა გაგრძელდა: ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი - ყველა ერთი ოჯახის წევრები - ემსხვერპლა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ღაზის სექტორში ათ თვიანი ომის განმავალობაში დაღუპულთა რაოდენობა, ღაზის ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, 40 ათასს გადასცდა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის ოფიციალურმა პირებმა დაასრულეს ორდღიანი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გამოხატეს იმედი, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. შეთანხმების დეტალები მათ მომავალ კვირაში კაიროში უნდა შეიმუშაონ. ღაზაში 17 აგვისტოს თავდასხმა მოხდა დილით ადრე შენობასა და მიმდებარე საწყობზე, რომელსაც თავს აფარებდნენ დევნილები, აცნობეს Associated Press-ის რეპორტიორს ალ-აქსას წამებულების საავადმყოფოში, დეირ-ელ-ბალაჰში. AP-ის თანახმად, მოკლულთა შორისაა ბითუმად მოვაჭრე სამი ჯავად ალ-ეჯლა, მისი ცოლები და 11 შვილი, ასევე ბავშვების ბებია და სამი ნათესავი. ალ-ეჯლა ისრაელის არმიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ღაზაში ხორცისა და თევზის პროდუქტის შეტანის შესახებ. ასევე ნახეთ რამდენი პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში? ასევე ნახეთ თეთრი სახლი „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ ღაზაში სკოლის დაბომბვით და 100-მდე ადამიანის სიკვდილით ...