18 აგვისტოს ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში დაიღუპა, სულ ცოტა, 21 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის უწყებამ რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის წინ. ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ბიძგის მიცემას ცდილობს. Reuters-ი ჯანდაცვის უწყების თანამშრომლის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები და მათი დედა დაიღუპნენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე, ქალაქ დეირ-ალ-ბალაჰის ცენტრში. ისრაელის სამხედროებს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ თქვეს, რომ გაანადგურეს სარაკეტო დანადგარები, რომლებითაც ისრაელს ცეცხლს უშენდნენ ქალაქ ხან-იუნისიდან, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა. მათივე თანახმად, დაიღუპა 20 პალესტინელი მებრძოლი. ბოლო დღეებში გაძლიერდა დიპლომატიური მცდელობები ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის შესაჩერებლად და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკებები აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით ამ კვირაში კაიროში გაგრძელდება. გასულ კვირაში დოჰაში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ომის დაწყებიდან თავისი მეცხრე მოგზაურობის ფარგლებში, ბლინკენი ისრაელში კვირას ჩავიდა. ვიზიტი შედგა რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კონსტრუქციული წინადადებები, რომლებიც, როგორც შუამავალი ქვეყნები მიიჩნევენ, შეამცირებს აზრთა სხვადასხვაობას მეომარ მხარეებს შორის. რეგიონული ესკალაციის შიშის ფონზე, გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა. ირანი ისრაელს შურისძიებით დაემუქრა მას მერე, რაც 31 ივლისს თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე. დეირ-ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში, ნათესავებმა თავი მოიყარეს დედისა და მისი ექვსი შვილის ცხედრების გარშემო - ისინი გახვეული იყვნენ თეთრ სუდარებში, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. ყველაზე უმცროსი 18 თვისა იყო, უთხრა Reuters-ს მათმა ბაბუამ, მოჰამედ ხათაბიმ. ისრაელი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, ამბობს, რომ მისი სამიზნე ჰამასის მებრძოლები არიან და მათ ადანაშაულებს იმაში, რომ მოქმედებენ სამოქალაქო ობიექტებიდან, მათ შორის სკოლებიდან და საავადმყოფოებიდან. ჰამასი ამას უარყოფს. ისრაელში ბლინკენი უნდა შეხვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. ნეთანიაჰუს ოფისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ არსებობს "ფრთხილი ოპტიმიზმი" შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით და რომ აშშ-ის ოფიციალური პირებიც იმედიანად არიან განწყობილი, თუმცა გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ წინ ბევრი სამუშაოა. თუმცა ჰამასმა აშშ-ის ოპტიმისტურ კომენტარებს "შეცდომაში შემყვანი" უწოდა და ნეთანიაჰუ დაადა...