18 აგვისტოს პოლონეთის პრეზიდენტის გარემოცვაში უსაფუძვლო უწოდეს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთის გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" დაგეგმილი და განხორციელებული დივერსიის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ვარშავის მხარდაჭერით. გერმანიის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა აუგუსტ ჰანინგმა გასულ კვირას გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ, მისი აზრით, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის არსებობდა შეთანხმება თავდასხმის გარშემო. "ეს სრულიად უსაფუძვლო ინსინუაციებია", - თქვა ჰანინგის სიტყვების პასუხად მეშკო პავლიაკმა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას კანცელარიაში. პავლიაკმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია Polsat-თან. საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ აუგუსტ ჰანინგი სპეცსამსახურებში მუშაობდა, როცა გერმანიის კანცლერის პოსტი გერჰარდ შრიოდერს ეკავა და როცა ის-ის იყო, დაიწყო "ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის" შემუშავება. "როგორც დაზვერვის უფროსმა, მან ნამდვილად ითამაშა სამარცხვინო და მნიშვნელოვანი როლი ინვესტიციაში", - დასძინა პრეზიდენტ დუდას თანაშემწემ. ამ კვირის დასაწყისში, გერმანული მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის პროკურატურამ რუსეთის გაზსადენზე დივერსიაში მთავარ ეჭვმიტანილად ცნო უკრაინელი ინსტრუქტორი ყვინთვაში და მისი დაკავების ორდერი გასცა პოლონეთში. ვარშავამ მიიღო ორდერი, მაგრამ ეჭვმიტანილმა ქვეყანა დატოვა, რადგან გერმანიას მისი სახელი ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში არ შეუტანია, განუცხადეს Reuters-ს პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ "ერთადერთი, რაც დღეს უნდა გააკეთოს "ჩრდილოეთის ნაკადის" ყველა ინიციატორმა და მფარველმა, არის ბოდიშის მოხდა და გაჩუმება". პოლონეთის წინააღმდეგ ბრალდებებზე პირდაპირი კომენტარი ტუსკს არ გაუკეთებია. ასევე ნახეთ გაზსადენ ”ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების ბრალდებით გერმანიამ უკრაინელი მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა ...