უკრაინის დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის ადმინისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართავს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რაიონული ცენტრი, ქალაქი პოკროვსკი, რომელსაც რუსული არმია უახლოვდება. პოკროსვკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი დობრიაკმა დღეს, 19 აგვისტოს, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ ევაკუაციის ტემპი შედარებით დაჩქარდა და ყოველდღე ქალაქს 500-600 ადამიანი ტოვებს, თუმცა ბევრი ისევ არ ჩქარობს, რის გამოც ამ კვირაში გამოაცხადებენ ბავშვების იძულებით ევაკუაციას. დობრიაკის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე პორკოვსკში 13 700 ბავშვი იყო. მათგან 4 788 ქალაქში რჩება. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, პოკროვსკის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ქალაქს დამოუკიდებლად, თავისი ტრანსპორტით ტოვებს, თუმცა სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ ყოველდღიურად, სულ ცოტა, 1000 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყოს. დობრიაკის განცხადებით, რუსული არმიის წინსვლის ტემპის გათვალისწინებით, პოკროვსკის მცხოვრებთ შედარებით მშვიდ ვითარებაში ევაკუაციისთვის კიდევ დაახლოებით ორი კვირა აქვთ, შემდეგ კი უკრაინა იძულებული იქნება, ყველა სერვისის მუშაობა შეწყვიტოს. ასევე ნახეთ რუსეთის არმიას 6 კილომეტრი აშორებს დონეცკის ქალაქ მირნოგრადს, რომელშიც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული აღწერის შედეგებით, პოკროვსკში 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ქალაქში რჩებოდა დაახლოებით 60 ათასი. 18 აგვისტოს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ქალაქ პოკროვსკის და პოკროვსკის რაიონის ქალაქების, მირნოგრადის და სელიდოვოს მცხოვრებთ. ვერეშჩუკის განცხადებით, გარდა პირადი უსაფრთხოების დაცვისა, ევაკუაცია აუცილებელია, რათა ხელი არ შეუშალონ უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებას. ასევე ნახეთ ზელენსკი: ომს შვებულება არ აქვს ...