„საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით“, - განუცხადეს ფინანსთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულების დასადებად, 15 აგვისტოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ფულს 20 წლის ვადით სესხულობს. აქედან ხუთი წელი შეღავათიანი პერიოდია. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს იყო ფორმალური ნაწილი პროექტის დასასრულებლად საჭირო თანხის მოძიების პროცესში: „აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის“. დამატებით, უწყებაში განმარტავენ, რომ ხაშურში წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წელს დაიწყო და ჯამში ჯდება 58 მლნ ევრო, აქედან შესრულებულია 21,4 მილიონის ღირებულების სამუშაოები. პროექტი ფინანსდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დადებული სასესხო ხელშეკრულებით. ...