რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დასავლეთს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად კოლონიიდან გათავისუფლებულმა ილია იაშინმა უარი თქვა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შეთავაზებაზე. ამის შესახებ თავად იაშინმა განუცხადა სააგენტო Bloomberg-ს. გერმანიის მთავრობაში სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს. ილია იაშინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემთხვევაში რუსეთში ვეღარ ჩავიდოდა. ყოფილი პოლიტპატიმარი აპირებს გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღოს. იაშინი გეგმავს ევროპელი პოლიტიკოსების დარწმუნებასაც, რომ სანქციები უნდა გააფართოონ პუტინის რეჟიმთან კავშირის მქონე პირების წინააღმდეგ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, საჭიროა, რომ სანქციების ქვეშ იყოს არა 2 000, არამედ 20 000 პირი. იაშინმა Bloomberg-თან ინტერვიუშიც დაადასტურა ადრე ნათქვამი, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთი თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაატოვებინეს. ილია იაშინის ინფორმაციით, გერმანიას გადასცა რუსეთის ციხეებში მყოფი ოცამდე პოლიტპატიმრის სიაც. ასევე ნახეთ როგორ ეპყრობა სისტემა პოლიტპატიმრებს პუტინის რუსეთში რუსეთის სასამართლომ პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი მოწინააღმდეგე ილია იაშინი 2022 წელს დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. 1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, მათ შორის იაშინის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე. მათ შორის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. ასევე ნახეთ ვინ არიან გაცვლილი პატიმრები? ...