ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის კამალა ჰარისი. დელეგატების მიერ კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 20 აგვისტოს გამოცხადდა დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარეობს. თავად კამალა ჰარისი და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული, მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი ამ პროცესს თვალყურს ონლაინ ადევნებდნენ მილუოკიდან, სადაც საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ჰარისმა დელეგატებს ვიდეოკავშირით მიმართა და უთხრა, რომ მათი კანდიდატობა დიდი პატივია. კამალა ჰარისი ჩიკაგოში მიმდინარე ყრილობაზე სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა. ასევე ნახეთ ვინ არის კამალა ჰარისი კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიიდან მისი მეტოქეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი. ...